ხოშტარია: ჯერ კიდევ მინისტრობისას, თურნავა ჩართული იყო ბინძურ გარიგებაში ფარცხალაძესთან

ხოშტარია: ჯერ კიდევ მინისტრობისას, თურნავა ჩართული იყო ბინძურ გარიგებაში ფარცხალაძესთან

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას რუსულ კავშირებზე საუბრობს. ხოშტარიას თქმით, ნათია თურნავა ჯერ კიდევ 2021 წელს, ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში იყო ჩართული ბინძურ გარიგებებში როგორც ფარცხალაძესთან, ასევე რუს ოლიგარქებთან.

ხოშტარიას თქმით, 2021 წელს ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში ნათია თურნავამ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს კომპანიასთან, რომლის დამფუძნებელიც არის რუსი ოლიგარქი რომან ბოკერია, რომელიც ხოშტარიას თქმით, "საქართველოს ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებში იღებს მონაწილეობას". ხოშტარია ამბობს, რომ მემორანდუმის თანახმად, ხოშტარია ბოკერიას "ჰპირდება ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში ხელის შეწყობას".

ამასთან, დროას ლიდერი აღნიშნავს, რომ სწორედ რომან ბოკერიასთან ერთად აქვს ოთარ ფარცხალაძეს რუსეთში იდენტური კომპანია, სადაც ფარცხალაძე 50%-იან წილს ფლობს.

"მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ბინძურ, ანტისახელმწიფოებრივ კავშირებზე ოთარ ფარცხალაძესთან და რუსეთთან, რაც დამატებით ახსნის მის გუშინდელ მოქმედებებს რუსული ინტერესების სასარგებლოდ და ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ.

ჯერ კიდევ 2021 წელს, ნათია თურნავამ, რომელიც იყო მაშინ ეკონომიკის მინისტრი, ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს კომპანია საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯთან, რომლის დამფუძნებელიც არის რუსი ოლიგარქი, ფარცხალაძის პარტნიორი ვინმე რომან ბოკერია. ის და მისი მეუღლე, ოჯახი, ჩართულები არიან ანტისაქართველოს მოქმედებებში, როგორც ფრენების აღდგენის საკითხში, ასევე მუშაობენ რკინიგზის აღდგენის საკითხებზე და ეს ზოგადად, ძალიან საინტერესო და ბინძური ფიგურაა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ამ ადამიანთან მოაწერა ხელი მემორანდუმს, სადაც მას ჰპირდება ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში ხელის შეწყობას. ანუ საქართველო, თურნავას ხელით, ხელს აწერს რუსი ოლიგარქის კომპანიასთან, მსგავს მემორანდუმს, რომ შეუწყოს მათ ხელი.

ზუსტად ბოკერიასთან ერთად, 2022 წელს ოთარ ფარცხალაძე მოსკოვში აფუძნებს იდენტურ კომპანიას - მოსკოვის ბიზნეს ბროკერიჯს, სადაც ფარცხალაძე არის 50%-ის მფლობელი. ანუ, ჯერ კიდევ 2021 წელს ნათია თურნავა იყო ჩართული ბინძურ გარიგებებში როგორც ფარცხალაძესთან, ასევე რუს ოლიგარქებთან ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და ეს კარგად ხსნის, თუ რამდენად დიდია ის პრობლემა, რომელსაც ჩვენ წავაწყდით ფარცხალაძის სანქცირების შედეგად.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ზეწოლა ქართულ ოცნებაზე, უნდა ვიყოთ შეტევაზე რუს აგენტებთან და უნდა მოვითხოვოთ ამ ბრძანების გაუქმება და ნათია თურნავამ ასევე უნდა აგოს პასუხი, როგორც რუსული ინტერესების გამტარებელმა", - განაცხადა ხოშტარიამ.

19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკი სამივე ვიცეპრეზიდენტმა დატოვა. ამასთან, საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი - მან თქვა, რომ სებ-ის საბჭოს წევრად ნათია თურნავას წარდგენას ნანობს და ბოდიშს იხდის. ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან თურნავა უნდა გადადგეს.