ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მოქალაქეებს 26 მაისს შეკრებისა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს და აცხადებს, რომ "ევროპული იდეა ეროვნული იდეაა".
"მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ 26 მაისს, 15:00 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და მოვაწყოთ მსვლელობა, ვანახოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის არჩევანი. ვაჩვენოთ, სადაა ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გარანტია. ესაა ჩვენი ქვეყნის საუკუნოვანი არჩევანი, ესაა ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეტის არჩევანი", - წერს ის.
პარალელურად, პარტია ლელოს გენერალურმა მდივანმა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა მიიტანეს.
"მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, ყველა ქალაქში, სადაც კი 26 მაისს გავლენ საზეიმო ღონისძიებაზე, აუცილებლად თან იქონიონ ევროკავშირის დროშა... ასევე, საკუთარი აივნებიდან გადმოფინონ ევროკავშირის დროშა და აჩვენონ ქართულ ოცნებას, რომ ჩვენ გაკეთებული გვაქვს უკვე არჩევანი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშიც არის ასახული", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
გასულ წელთან განსხვავებით, 26 მაისთან დაკავშირებით პარლამენტის შენობა ევროკავშირის დროშით გაფორმებული აღარ არის. მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მთავარი თემატიკაა "თავისუფლების სიყვარულით".