ხაზარაძე რუსულ კანონზე: დავალებაა კრემლიდან, რათა ხელი შეეშალოს EU-სთან მოლაპარაკებებს

ხაზარაძე რუსულ კანონზე: დავალებაა კრემლიდან, რათა ხელი შეეშალოს EU-სთან მოლაპარაკებებს

ლელოს ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა დაინიცირების დავალება ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა კრემლიდან მიიღო, რათა ახალ მიზანს - ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყებას შეეშალოს ხელი.

ხაზარაძის თქმით, კანონის მიღება ქართულ ოცნებას სჭირდება თავისუფალი აზრისა და არჩევნების გასაკონტროლებლად. ის ივანიშვილს მიმართავს, გამოვიდეს და უთხრას საზოგადოებას, თუ საიდან ფინანსდება ქართული ოცნება.

ხაზარაძე ოცნებას მიმართავს და ამბობს, რომ "მორიგი ტრიუკი" არ გაუვათ და საქართველოს რუსეთში "არ გაატანენ".

"ქართულმა ოცნებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი დავალება მიიღო, ერთი წლის წინ ჩავარდნილი ოპერაცია რუსული კანონის შესახებ თავიდან გააცოცხლა. ეს დავალება მიიღო პირდაპირ კრემლიდან, რათა ახლა უფრო დიდ მიზანს შეუშალოს ხელი, რასაც ჰქვია მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირში. მინდა მივმართო ივანიშვილს, რომ გამოვიდეს როგორც ე.წ. საპატიო თავმჯდომარე მმართველი პარტიის და ქართველ ხალხს უთხრას, რასთან გვაქვს საქმე. გამოვიდეს და თქვას, თუ საიდან ფინანსდება მისი პარტია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი რუსული კომპანიების და აქ გამოდის, ლაპარაკობს ევროპიდან შემოსული თანხების წარმომავლობაზე.

ევროპიდან შემოსული თანხები არის გამჭვირვალე და არანაირი კანონი არ სჭირდება იმას, რომ უამრავმა მაკონტროლებელმა ამოიღოს ინფორმაცია, თუ საიდან შემოდის ევროპიდან ფული და რომელ ორგანიზაციაში შედის. ამას არ სჭირდება კანონი, უბრალოდ ეს კანონი ქართულ ოცნებას სჭირდება, რომ გააკონტროლოს თავისუფალი აზრი, არჩევნები და დაბლოკოს ევროპული პერსპექტივა.

მინდა ივანიშვილს ვუთხრა, რომ არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში, ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრეთ ჩემგან და ჩემი მეგობრებისგან, ქართველი ხალხის გზავნილს გიგზავნით. მთელი შენი ტრიუკები არის მოძველებული და ჭაობისკენ მიმავალი. შენ არ ემსახურები ქართველ ხალხს, ინტერესს, დაცალე ეს ქვეყანა, გააჩერე ეს ქვეყანა, უმუშევრობის ჭაობში ჩააგდე ეს ქვეყანა, შენ გინდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ, რომ შენ იყო უსაფრთხოდ და შენმა გარემოცვამ აკეთოს ფული, ქართველი ხალხის ხარჯზე. ამიტომ ეს კანონი და ყველა ის ტრიუკი, რომელიც აქამდე გაქვს ჩატარებული, არ გაგივა, იმიტომ რომ ამ ქვეყნის პერსპექტივა არის თავისუფალი სამყარო, სადაც ნამდვილად იქნება დაცული ქართული ღირსება, მემკვიდრეობა, ტრადიცია და ყველაფერი ის, რაც ამ ქვეყანას გააჩნია", - თქვა ხაზარაძემ.

***

ქართული ოცნება რუსულ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა დააინიცირებს. ეს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა.

მან პარტიის ვრცელი განცხადება წაიკითხა, სადაც უმრავლესობა კვლავ თავს ესხმის არასამთავრობო სექტორს და მათგან დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს.

მდინარაძის თქმით, კანონპროექტი დღეს დაინიცირდება და "სამივე მოსმენით სესიის ბოლომდე იქნება მიღებული".

***

რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.

პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.

რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.