ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე კოალიციის გამსხვილებასა და გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებაზე პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმება.
ის აცხადებს, რომ როცა იქნება რაიმე ტიპის გადაწყვეტილება გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებაზე, ამას "დაუყოვნებლივ აცნობენენ პრეზიდენტს".
"მე მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად და მისი მხრიდან ამ საქმეში ძლიერი საქართველოს როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმას. როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და ამისთვის გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი. ჩვენი გაერთიანება, „ძლიერი საქართველო“ ამის დასტურია. დღეს დილით მე გამოვთქვი მზადყოფნა, ვისაუბრო გიორგი გახარიასთან ამ თემაზე თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს. თუ, და, როცა იქნება რაიმე ტიპის გადაწყვეტილება ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ ამას საქართველოს პრეზიდენტს"- წერს ხაზარაძე.
17 სექტემბერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლელოს ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და პარტია საქართველოსთვის ლიდერ გიორგი გახარიას წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპის გასამართად ორბელიანების სასახლეში იწვევს.
ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დღეს ფორმულას ეთერში კოალიციურ გამსხვილებაზე საუბრისას გიორგი გახარიას პარტიასთან გაერთიანებაზე მსჯელობაც არ გამორიცხა. მან თქვა, რომ მათი გეგმები "უმეტეს ნაწილში თითქმის ემთხვევა ერთმანეთს", თუმცა ახლა მთავარი კითხვაა - "იძლევა თუ არა მათი გაერთიანება სინერგიას".