
კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით მათი პარტიის პოზიციას განმარტავს.
TV პირველის ეთერში მან თქვა, რომ მის პარტიაში ემხრობიან, "ბრძოლის გარეშე არ დათმონ არაფერი", თუმცა აღნიშნა, რომ "ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტო შევარდებიან არჩევნებში".
ის ამ საკითხზე "მსჯელობის გახსნის" აუცილებლობაზე საუბრობს.
"მე ვფიქრობ, დღეს ალტერნატივა ამ ხელისუფლებას მხოლოდ გაერთიანებაში, დიალოგში, კარგად აწონ-დაწონაში აქვს. მინდა, რომ მსჯელობა გაიხსნას. ჩვენ პარტიაში ჩვენ ვემხრობით, რომ ბრძოლის გარეშე არ დავთმოთ არაფერი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარტო შევვარდებით არჩევნებში და ეს არ ნიშნავს, რომ ამან უნდა დაანგრიოს რაღაც... ჩვენ შევხვდებით არა მხოლოდ პოლიტპატიმრების მშობლებს, არამედ ყველა იმ ადამიანთა ჯგუფს, ვისაც აქვს არგუმენტი, რატომ სჯობს ბოიკოტი, ან სხვა ტაქტიკა საერთო ბრძოლის მოსაგებად", - ამბობს ის.
მამუკა ხაზარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, ბიძინა ივანიშვილი მთელი მსოფლიოს თვალში მიიღებს "ლეგიტიმაციას', რადგან ის არჩევნებს გაყალბების გარეშე ჩაატარებს და შემდეგ - "ეს ხელისუფლება ბოლომდე გაიმყარებს საფუძველს".
"ქართულ ოცნებას არანაირ შემთხვევაში არ აწყობს, რომ ძლიერმა, გაერთიანებულმა პლატფორმამ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში - რატომ? იმიტომ, რომ როგორც კი ისინი დაინახავენ, რომ ჩვენ გამოვაცხადებთ ე.წ. ბოიკოტს და ჩვენ ჯარს, ეს არის ჯარი, პოლიტიკური ბრძოლა, ჩვენს აქტივს მთელი საქართველოს მასშტაბით ვეტყვით, რომ არ შევდივართ ამ ბრძოლაში, მე, როგორც თქვენ გიყურებთ, ჩაატარებენ სანიმუშო არჩევნებს, კალანდარიშვილსაც მოხსნიან და დანიშნავენ ერთ-ერთ ლამაზ, ბუნჩულა ადამიანს, შესაბამისად...
ჩვენ გვექნება ასეთი სურათი, რომ ლეგიტიმაციას აიღებს ბიძინა ივანიშვილი მთელი მსოფლიოს თვალში. ჩამოიყვანს დამკვირვებლებს და იტყვის, ნახეთ, როგორი არჩევნები ჩავატარე. ეყოლება თუ არა ოპოზიცია? სუფთა არჩევნები, სამართლიანი არჩევნები, არც გააყალბებს, ამის მერე ეს ხელისუფლება ბოლომდე გაიმყარებს საფუძველს, იმიტომ რომ ჩემთვის ადგილობრივი არჩევნები არის სახლისთვის ფუნდამენტის აშენება, რადგან საპარლამენტო არჩევნები არის დიდი ბრძოლა, რომელიც ცვლის ხელისუფლებას, მაგრამ ადგილობრივი არჩევნები არის ქალაქები, საკრებულოები, რომელზეც დგას ოპოზიციური პარტიის სიძლიერე. წარმოიდგინეთ, რომ შენ უბრძოლველად ამას ადარებ ქართულ ოცნებას...", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
ის ამბობს, რომ "არ უნდა, ქალაქი თბილისი ბრძოლის გარეშე კახა კალაძეს გადააბაროს" და აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნები "დიდ ეროვნულ რეფერენდუმად" უნდა აქციოს.
"მე არ მინდა, რომ ბრძოლის გარეშე კალაძეს ქალაქ თბილისი გადავაბარო. მე არ მინდა, რომ ეს კორუფცია გაგრძელდეს. ჩემი მოწოდებაა, რომ ეს არჩევნები დიდ ეროვნულ რეფერენდუმად გადავაქციოთ. [...] მე არ ვამბობ, რომ ლელო გავარდება და მარტო შევა. კიდევ ვიმეორებ, მარტო გასვლა სიგიჟეა. მე მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.