კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ამ დრომდე მზადაა გიორგი გახარიას პარტიასთან შეთანხმებას ხელი მოაწეროს. როგორც ხაზარაძე თავის ფეისბუქპოსტში აღნიშნავს, გახარიამ თვითონ ჩაშალა მოლაპარაკებები და ამის მიზეზად ლევან ცუცქირიძის განცხადება მოიყვანა, რაც "არასერიოზულად გამოიყურება".
ხაზარაძე აღნიშნავს, რომ 18 სექტემბერს პრეზიდენტთან კონკრეტულ გეგმაზე შეთანხმდნენ, რომელიც კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ და გახარიას პარტიას თანასწორ პირობებში აყენებდა. გეგმის მიხედვით, ისინი გაერთიანდებოდნენ ნომერი 9-ის ქვეშ (ძლიერი საქართველოს საარჩევნო ნომერი) და დადებდნენ პირობას, რომ არ შეუწყობდნენ ქართული ოცნების მთავრობის შექმნას და დაასრულებდნენ ანაკლიის პორტს დასავლური ინვესტიციებით.
"ამ ახალი გაერთიანების მართვა ასევე მოხდებოდა სრული პარიტეტით. მე ეს შეთანხმება განვიხილე კოალიციის პარტნიორებთან, მათ კი სრულად დამიჭირეს მხარი. ჩემი მზაობა ხელმოწერასთან დაკავშირებით გუშინვე დავაფიქსირე მედიასთან.
დღეს, მზად ვიყავი, პრეზიდენტის რეზიდენციაში ხელი მომეწერა ამ შეთანხმებაზე. 15:00 საათზე გახარიამ დამირეკა და მითხრა, რომ ის ჩვენს შეთანხმებაზე უარს ამბობდა. მან მაშინვე გაავრცელა განცხადება სოციალურ ქსელში ამის თაობაზე. საღამოს კი პრეზიდენტის წინ უარი განაცხადა გუშინ შეთანხმებულ პირობებზე. მისი მთავარი არგუმენტი, ბატონი ცუცქირიძის მიერ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუ იყო, რაც ამ მოლაპარაკებებში არასერიოზულად გამოიყურება.
ვწუხვარ რომ ჩვენი განხილვები დასრულდა. მე ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას. გახარიას კი ამ შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას ამ პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე", - წერს ხაზარაძე.