ხაშურში სიმამრის მკვლელობისთვის ახალგაზრდა კაცი დააკავეს

ხაშურში სიმამრის მკვლელობისთვის ახალგაზრდა კაცი დააკავეს

შიდა ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში 1998 წელს დაბადებული ბ.ბ. სიმამრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას სიმამრს — 1961 წელს დაბადებულ თ.მ.-ს — საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით გულმკერდისა და ყელის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. კონფლიქტის დროს ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გარდაცვლილის მეუღლესაც, 1979 წელს დაბადებულ მ.კ.-ს.

ბ.ბ. სამართალდამცველებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მცდელობისას, „სარფის“ გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა — ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.