ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე უსაფრთხოების ბარიერების მშენებლობა დაიწყო

ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე უსაფრთხოების ბარიერების მშენებლობა დაიწყო

ქალაქ ნარვაში, „მეგობრობის ხიდზე“, რომელიც ესტონეთს რუსეთის ივანგოროდს აკავშირებს, ესტონეთმა რკინის კონსტრუქცია დადგა – კარი აღჭურვილია მეტალის წინაღობით და ხიდის საავტომობილო ნაწილს ფარავს. როგორც ERR იუწყება, ეს უსაფრთხოების ახალი სისტემის პირველი ფაზაა, რომელიც არალეგალური გადაადგილების აღკვეთას ისახავს მიზნად.

სანამ მსგავს ბარიერს საფეხმავლო ზონაზეც დაამონტაჟებენ, ესტონეთი გეგმავს, დაამატოს მოძრავი ბარიერებიც, რომლებითაც საჭიროების შემთხვევაში, მიგრანტთა ნაკადის შეჩერებასა და გზის გადაკეტვას საზღვრის მიღმაც უზრუნველყოფენ.

ნარვის სასაზღვრო პუნქტის ხელმძღვანელმა, ანტი ენსალუმ განაცხადა, რომ ბარიერები რეალურ საფრთხეს პასუხობს — 5 წლის წინ, ერთმა რუსულმა მანქანამ გაარღვია მოძველებული ბლოკი.

ამავდროულად, მედია იუწყება, რომ ხიდის რუსეთის ნაწილში ახალი სატრანსპორტო სასაზღვრო პუნქტის მშენებლობა მიმდინარეობს. ესტონეთი კი 2025 წლის შემოდგომიდან გეგმავს, სრულად გაამაგროს რუსეთთან არსებული სახელმწიფო საზღვარი.