დეპუტატი დილარ ხაბულიანი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მხარი დაუჭირა მხოლოდ ნინო ნიშნიანიძეს, რომელმაც საჭირო 90 ხმა ვერ მოიპოვა და კენჭისყრის მეორე ტურში გადავიდა.
ფორმულას ინფორმაციით, ნიშნიანიძის კენჭისყრის დროს ხაბულიანი დარბაზში არ იმყოფებოდა, თუმცა დეპუტატი ამას უარყოფს.
"ეროვნული ხელისუფლების დროს გავიცანი და მას შემდეგ მოვდივართ და ვიცნობ ძალიან კარგად. უფრო კარგ ადამიანს, კომპეტენტურს, განათლებულს, ოცნებაზე ლაპარაკი და რაღაც კლანზე საუბარი, გამორიცხულია. ის არის დამოუკიდებელი, უნიჭიერესი, უწესიერესი ადამიანი, მე მას პირადად ვიცნობ. როდესაც მისი კანდიდატურა განიხილეს, მე მოვედი პარლამენტში, არ ვიყავი ვალდებული რომ ჩამებარებინა ვინმესთვის, მაგრამ ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, ოპოზიციონერებს, ყველას განვუცხადე, რომ ამ ადამიანს ვუჭერდი მხარს...
მე არ დამიჭერია მხარი [სხვა კანდიდატებისთვის, მე დავუჭირე მხარი ვისაც ვუჭერდი და როცა დადგება მისი კანდიდატურა, აუცილებლად დავუჭერ", - თქვა ხაბულიანმა.
17 მაისს, პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არამოსამართლე წევრის 5 ვაკანტურ თანამდებობაზე 3 ახალი წევრი აირჩიეს - ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა). ამის შემდეგ ოპოზიციამ დარბაზი დატოვა და კენჭისყრა შეწყდა.
კანდიდატების მხარდაჭერილი ხმების რაოდენობა გახდა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის უკმაყოფილების მიზეზი - 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქართული ოცნების კანდიდატებს დაუჭირა მხარი. დეპუტატები ამბობდნენ, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი მმართველ გუნდს გაურიგდა.
კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი. იმავე დღეს ჩხეიძეებმა და მაჭუტაძემ ენმ-ს ფრაქცია დატოვეს.
ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დარჩენილ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე არავინ შეირჩა. კენჭისყრის მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა: რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკალაშვილი, ლევან ნემსაძე და ნინო ნიშნიანიძე.
კენჭისყრები გაგრძელდა 18 მაისსაც. პროცედურის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იუსტიციის არამოსამართლე წევრის ორ კანდიდატურაზე ოპოზიციას კონსულტაციები შესთავაზა. სესიის სხდომაზე კობახიძემ დეპუტატებს შესთავაზა, რომ ე.წ. ფორმალური კენჭისყრა ჩაატარონ.
კენჭისყრის მესამე ტური 30 მაისს არის ჩანიშნული.