15 ქვეყნისა და ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოების წევრები და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები რუსულ კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
ხელმომწერებს შორის არიან აშშ-ის, ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ევროკავშირის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის 16 კანონმდებელი.
"მიუხედავად მეგობრებისა და მოკავშირეების მხრიდან არაერთგზის გამოთქმული შეშფოთებისა, საქართველოს პარლამენტმა გადადგა საგანგაშო და რეპრესიული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ეწინააღმდეგება მის გაცხადებულ მიზანს დასავლური ინტეგრაციის შესახებ. როგორც ევროატლანტიკურ კანონმდებლებს, ჩვენ გვესმის, რომ პარლამენტის როლი არის ხალხის ნების ასახვა და ქართველებმა ცალსახად უარყვეს ეს კრემლის მიერ შთაგონებული კანონი, როგორც შეუთავსებელი მათ იდენტობასთან, ევროპულ ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან.
პატივსაცემი ორგანიზაციები, როგორებიცაა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაცია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ეს კანონი გამოწვევაა ასეთი ღირსეულ ძალისხმევისთვის და ემსახურება პირდაპირ თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე - ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტურ ელემენტებზე. შეერთებული შტატები და ევროპა გააგრძელებენ მათ მხარდაჭერას, რადგან მათი ხელმძღვანელობა და საქართველოსადმი ხედვა ასახავს ნამდვილ პატრიოტიზმს, სრულიად განსხვავებით პარლამენტის 84 წევრისგან, რომლებიც გუშინდელ კენჭისყრაზე რუსეთს შეუერთდნენ.
ჩვენ არასოდეს მივატოვებთ ქართველ ხალხს, რომელმაც გაბედულად გამოავლინა თავისი მტკიცე ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი მშვიდობიანი წინააღმდეგობის გზით, და არ ვიყოყმანებთ პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც პასუხისმგებელნი არიან ამ რუსული სტილის კანონის მიღებასა და არაძალადობრივი დემონსტრანტებზე თავდასხმისთვის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლობლების ჩათვლით. ქართველ ხალხს ვუცხადებთ: თქვენ მარტო არ ხართ".