ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც ქართული ოცნების წევრებისგან შედგება, საქართველოს ახალ მთავრობას 28 ნოემბერს დაამტკიცებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, 28 ნოემბერს ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზე მინისტრობის კანდიდატები განიხილება.
"28 ნოემბერს, 11 საათზე იქნება ფრაქცია ქართული ოცნების სხდომა, სადაც განიხილება მინისტრობის კანდიდატები, ხოლო 12 საათზე უკვე პლენარულ სხდომაზე იქნება წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობა და დავამტკიცებთ მთავრობის შემადგენლობას" - თქვა შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
ქართულ ოცნებას სურს, ახალი პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩაატაროს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, კანონმდებლობიდან გამომდინარე, მესამე კვირა დღეს, ანუ 29 დეკემბერს უნდა გაიმართოს.
საპრეზიდენტო არჩევნებზე დადგენილება ქართულმა ოცნებამ პლენარულ სხდომაზე განიხილა და თვითონვე უყარა კენჭი.
საქართველოს მე-11 მოწვევის ერთპარტიული პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბა, რომელიც ქართული ოცნების წევრებისგან შედგება.