
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ შეშფოთებულები არიან ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მედიაგარემოს უწყვეტი და სისტემური გაუარესებით.
ქარტიის თქმით, მედიაგარემოს უწყვეტი და სისტემური გაუარესების შედეგად როგორც მედიასაშუალებებს, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს საქართველოში ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრებათ.
ასევე, ქარტია საუბრობს ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე და ამბობს, რომ ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში იმყოფება, პოლიციელები სასამართლოს ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს აძლევენ, ხოლო მტკიცებულებების დიდი ნაწილი, რომლითაც მზია ამაღლობელის უდანაშაულობა დასტურდება, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმიდან ამორიცხულია.
"მედიაგარემოს უწყვეტი და სისტემური გაუარესების შედეგად როგორც მედიასაშუალებებს, ისე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს საქართველოში ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრებათ, რაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის უკიდურესი შეშფოთების საგანს წარმოადგენს.
ქარტია ქვემოთ აჯამებს ყველა იმ საკითხს და ბოლოდროინდელ შემთხვევას, რაც ამ უკუსვლას ადასტურებს და საერთაშორისო საზოგადოებას მედიისა და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად „ქართული ოცნების“ მიმართ წნეხის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
ბოლო თვეების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით განახორციელა შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები. დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზაციის კამპანია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის” მიღებით დაგვირგვინდა.
მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა თვითრეგულირების მექანიზმები დაასუსტა და საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიას შინაარსობრივი საკითხების გამო ტელე და რადიო კომპანიების დასანქცირების მანდატი მიანიჭა. მაუწყებლებმა დასავლურ ფინანსებსა და ექსპერტიზაზე წვდომაც დაკარგეს. ცვლილებებით კანონში გრანტების შესახებ „ქართულმა ოცნებამ“ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის განკუთვნილ საგრანტო რესურსებზე სრული კონტროლი მიიღო.
უკანონო პატიმრობაში რჩება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი, რომელსაც პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მედიამენეჯერს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. ამჟამად ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
პოლიციელები სასამართლოს ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს აძლევენ, ხოლო მტკიცებულებების დიდი ნაწილი, რომლითაც მზია ამაღლობლის უდანაშაულობა დასტურდება, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმიდან ამორიცხულია. მანამდე, 18 მარტს, გაყალბებული ადმინისტრაციული დაკავებისა და სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 2,000 ლარით დააჯარიმეს.
ღია ეთერის მოთხოვნით საზოგადოებრივ მაუწყებელთან კვლავინდებურად იკრიბებიან მოქალაქეები და სხვადასხვა პროფესიული ჯგუფები. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ თავიდან პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მათ ეთერი ყოველდღიურად, 40 წუთამდე დროით, დაუთმო, თუმცა გადაცემა შეცვლილი ფორმატით დაახლოებით ერთ თვის თავზე შეწყდა და ის აღარ განახლებულა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ და მენეჯმენტმა მთელი ძალისხმევა არხის კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების პროტესტის დათრგუნვისკენ მიმართეს. მათ გაუმჭვირვალე შიდა მოკვლევა იმ ჟურნალისტებზე თავდასასხმელად და მათი დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს, ვინც დღემდე არხის ხელმძღვანელობისგან პოლიტიკურ მიუკერძოებლობას, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გატარებასა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულებას ითხოვს.
პროცესის კულმინაცია აღმოჩნდა 11 აპრილს ორი მაღალი სანდოობის ჟურნალისტის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის, სამსახურიდან გათავისუფლება. დისციპლინური სასჯელი დაუწესეს კიდევ ოთხ ჟურნალისტს - თამარ მშვენიერაძეს, სოსო კაციტაძეს, კახაბერ მელიქიძეს და ირმა ჩუბინიძეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის მიკერძოება „ქართულ ოცნების“ მიმართ დაადასტურა როგორც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, ისე ეუთო-ოდირის მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო მონიტორინგმა. სწორედ არხის ხელმძღვანელობის მიერ მათთვის გაზიარებული კრიტიკული შენიშვნების უგულვებელყოფის გამო დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებელი მონიტორინგის სამსახურის უფროსმა თეა კახიანმა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა და დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებას განაგრძობს, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ, მეორედ, ახლა უკვე 6-წლიანი ვადით, აირჩია ვასილ მაღლაფერიძე, რომლის მჭიდრო კავშირები „ქართულ ოცნებასთან“ დადასტურებულია და რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, უკვე დიდი ხანია, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას ედავებიან. მაღლაფერიძე, რომელიც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეობის ერთადერთი კანდიდატი იყო, 2017-2020 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა, ხოლო სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ პირველი ვადით დანიშვნამდე, 2021 წლის იანვარ-მარტში, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე იყო. ჟურნალისტების დასაშინებლად პოლიცია ფინანსურ ბერკეტებსაც იყენებს. პოლიციამ 5,000-ლარიანი ჯარიმა „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ 20-ზე მეტ ჟურნალისტს გამოუწერა მაშინ, როცა ისინი რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.
მართალია, ცალკეულ შემთხვევებში პოლიციელებმა საჩივარი უკან გაიხმეს მას შემდეგ, რაც მათ ჟურნალისტებმა შესაბამისი მტკიცებულებები წარუდგინეს, ყველა საქმე მარტივად არ დასრულებულა. ზოგიერთი ჟურნალისტი ახლაც სასამართლო პროცესის მოლოდინშია. იმ ჟურნალისტებს შორის, რომელთაც პოლიცია „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება, არიან „მაუწყებლის“ ჟურნალისტი თოზუ გულმამედოვა, ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი ელისო ჯარიაშვილი, ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტი ნინო ჩაკვეტაძე და OC Media-ს თანადამფუძნებელი და ჟურნალისტი მარიამ ნიკურაძე, რომელიც უკვე მეორედ დააჯარიმეს.
„ქართული ოცნება“ საქართველოში შემოსვლის საშუალებას ისევ არ აძლევს იმ უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც პროევროპულ აქციებს აშუქებდნენ. მათ შორის არიან ფრანგი ჟურნალისტები კლემენტ ჟირარდო და ჟერომ შობო. 12 თებერვალს საზღვრიდან უკან გააბრუნეს კლემენტ ჟირარდო, რომელიც Le Monde, Society და Al Jazeera-სთვის მუშაობს, ხოლო 30 მარტს - ჟერომ შობო, რომელიც იტალიური სააგანტოს NurPhoto-ს ფოტოგრაფია.
ძალადობრივი გარემო ჟურნალისტებისთვის საფრთხის შემცველია იმ დროსაც, როცა ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და მაშინაც, როცა სხვა საქმით არიან დაკავებული. 6 აპრილს, პოლიციამ, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპოლიციო ეჭვის საფუძველზე ჯერ გააჩერა, ხოლო შემდეგ „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით“ დააკავა „ინდიგოს“ ფოტოჟურნალისტი საბა სორდია. პოლიციელებმა საბა სორდიას მიმართ ჰომოფობიური ლექსიკა გამოიყენეს და მას კამერის დამტვრევით დაემუქრნენ.
სასამართლოში გადაყვანამდე საბა სორდია იზოლატორში 48 საათით დააყოვნეს. მის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 17 აპრილს გამოაცხადებს. 8 აპრილს „ტვ პირველის“ ოპერატორს ლაშა ჯიოშვილს პოლიციამ ფეისბუქ პოსტის გამო და მის საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. პოლიცია ჯიოშვილს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.
22 მარტს „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ „აჭარა თაიმსის“ დირექტორს, სულხან მესხიძეს, და საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტს, ლია ტოკლიკიშვილს, რომლებიც ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მივიდნენ, რათა სამშენებლო უსაფრთხოების საკითხები გაეშუქებინათ. მათ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს. ჟურნალისტებმა პოლიცია გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მათი უფლებების დასაცავად არაფერი იღონეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჟურნალისტებს უკანონოდ უზღუდავენ წვდომას ადგილობრივი მთავრობის, საკრებულოსა და კომისიების სხდომებზე. ასე, მაგალითად, 4 აპრილს ჭიათურის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს ტელეკომპანია „ფორმულას“ რეგიონული კორესპონდენტი ეკა ფხაკაძე და „ტვ პირველისა“ და „მთის ამბების“ გადამღები ჯგუფები.
მანამდე, 26 მარტს, ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე არ შეუშვეს „სამხრეთის კარიბჭისა“ და TOK TV-ს გადამღები ჯგუფები. ჟურნალისტების თემო ინასარიძე და ინგა ირიციანის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევაა, როცა მათ მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომის გაშუქების საშუალება არ მისცეს. 7 აპრილს მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, სადაც აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს ამტკიცებდნენ.
ჟურნალისტების მიმართ რეპრესიულ ზომებს იღებს პარლამენტიც. 26 მარტს პარლამენტმა 6 თვით შეუჩერა აკრედიტაცია „ტვ პირველის“ ჟურნალისტს ნატა ქაჯაიას იმის გამო, რომ ჟურნალისტმა არ შეწყვიტა ვიდეოგადაღება მას შემდეგ, რაც პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა მას ინტერვიუზე უარი უთხრა. 20 მარტს მოსამართლემ, საჯაროდ შენიშვნის მიცემის შემდეგ, სხდომათა დარბაზიდან გააძევა „ტვ პირველის“ ჟურნალისტები მარიამ გაფრინდაშვილი და ნანუკა ქაჯაია, რომელთაც მანამდე არ მისცა ფოტოგადაღების უფლება, რის თაობაზეც მოთხოვნა მათ წინასწარ, კანონით გათვალისწინებული პროცედურით ჰქონდათ გაგზავნილი.
„ქართული ოცნების“ სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო ის ჟურნალისტები, რომლებიც ნოემბრის ბოლოს, პროევროპული აქციების გაშუქებისას, პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა. ეს იმ ფონზე, როცა დამნაშავე პოლიციელებს, რომელთაც ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალეს და უფლებამოსილებას გადაამეტეს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელსაც ბევრმა ჟურნალისტმა მისცა ჩვენება, ვერ მიაგნო.
გამოცემა „პუბლიკას“ ფოტორეპორტიორს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, პოლიციელებმა 28-29 ნოემბრის ღამეს სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს, მათ შორის, თავისა და სახის არეში. ჟურნალისტს, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ჯანმრთელობის პრობლემები დღემდე აწუხებს. იმ დღეს ალექსანდრე ქეშელაშვილს პოლიციელებმა სამუშაო აპარატურაც წაართვეს. შსს ჟურნალისტს, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს მინიჭებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავებოდა.
მოსამართლემ 17 მარტს ალექსანდრე ქეშელაშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავებოდა „რადიო თავისუფლების“ პროდიუსერს, ბექა ბერაძესაც, რომელმაც 12 მარტს მოსამართლისგან სიტყვიერი შენიშვნა მიიღო.
ჟურნალისტი პოლიციელებმა 1 დეკემბრის ღამეს პროევროპული აქციის დროს ინგოროყვას ქუჩის მიმდებარედ დააკავეს და სცემეს. 10 თებერვალს სასამართლომ სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის სამართალდამრღვევად ცნო „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე და მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში სამართალწარმოება შეწყდა.
სერგი ბარამიძე პოლიციამ 19 ნოემბერს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, მელიქიშვილის გამზირზე აქციიის გაშუქებისას, ძალის გამოყენებით დააკავა. მიყენებული დაზიანებების გამო ოპერატორს სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) და 154-ე (პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა) მუხლებით საქმის გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელსაც სერგი ბარამიძემ ჩვენება 20 ნოემბერს მისცა, თუმცა უშედეგოდ.
შექმნილი მძიმე პირობების გამო რეგიონული მედიასაშუალებები ფუნქციონირებას ვეღარ ახერხებენ. აჭარაში მოქმედმა ერთადერთმა კომერციულმა ტელემაუწყებელმა, ტვ 25-მა, საინფორმაციო გამოშვებები და პოლიტიკური თოქ-შოუები იანვრიდან შეაჩერა. 16 აპრილს ტელეკომპანიის პარტნიორთა კრებამ მისი 100%-იანი წილი გასაყიდად გაიტანა",- წერია განცხადებაში.