ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) განცხადების თანახმად, კვლავ უცნობია, როდის აღუდგება წყლის მიწოდება თბილისის ნაწილსა და მცხეთას.
წინა განცხადებაში კომპანია მიუთითებდა, რომ წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას 22:00 საათისთვის გაავრცელებდა.
"დღეს, 16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა.
აღნიშნული წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი ხელოვნურად ნაყარი გეოლოგიურად არასტაბილური გრუნტის ქვეშ მდებარეობს, რაც სამუშაოების წარმოებას საკმაოდ ართულებს და შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო პროცესის გახანგრძლივება.
იმისთვის, რომ მოსახლეობას ეტაპობრივად მივაწოდოთ სასმელი წყალი, კომპანია ალტერნატიული გზებით რეზერვუარების შევსების გეგმაზე მუშაობს.
ადგილზე მიმდინარე სამუშაო პროცესებისა და წყალმომარაგების აღდგენის შესახებ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, ინფორმაცია ოპერატიულად გავრცელდება კომპანიის ვებგვერდით, სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა ინტერნეტ სააგენტოებით.
აღნიშნულ პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას სამსელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.