კუპრაშვილი: დეზინფორმაციაა, რომ NGO-ებს მოქალაქეებზე ინფორმაციას არამიზნობრივად ვთხოვთ

კუპრაშვილი: დეზინფორმაციაა, რომ NGO-ებს მოქალაქეებზე ინფორმაციას არამიზნობრივად ვთხოვთ

ქართული ოცნების ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის მტკიცებით, არასწორია ინფორმაცია, რომ ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციებს მოქალაქეების პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას არამიზნობრივად სთხოვს.

"დღის განმავლობაში რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბიურო, სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, მათი ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეთა პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მინდა, საზოგადოებას მივაწოდო სრულყოფილი ინფორმაცია. უპირველეს ყოვლისა, ვაცხადებ, რომ კანონის უზენაესობა და მისი აღსრულება არის ბიუროს უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია არ სცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს, მიმართულია მხოლოდ გრანტის მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ.

ამ პროცესში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროფესიული თუ პერსონალური ინფორმაციის დაცულობა. მიგვაჩნია, რომ არსებული დეზინფორმაციული კამპანია ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს გამჭვირვალობისკენ მიმართული კანონმდებლობისა და სამართლებრივი პროცესის დისკრედიტაციას", - ამბობს ის.

რაჟდენ კუპრაშვილის ბრიფინგის შემდეგ ნინო ლომჯარიამ Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი და ფოტო შესაბამისი დოკუმენტიდან, სადაც მოთხოვნილია ბენეფიციარების პირადი ნომრები, ღონისძიებებში მონაწილე პირების ფოტოსურათები.