კრემლი "აბსურდულად" მიიჩნევს ოცნების ინიცირებული კანონის "რუსულ პროექტად" მოხსენიებას

კრემლი "აბსურდულად" მიიჩნევს ოცნების ინიცირებული კანონის "რუსულ პროექტად" მოხსენიებას

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი "აბსურდულად" მიიჩნევს ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებული ე.წ. აგენტების შესახებ კანონის "რუსულ პროექტად" მოხსენიებას.

თემაზე გამოხმაურების დროს დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ინტერესშია საქართველოში სტაბილური ვითარება. ამასთან, მან ოპოზიციის რეაქციაზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, საქართველო ჩვენი მეზობელია. რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებში შედის საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება. [...]

ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან საკმაოდ მწვავე და მკვეთრ რეაქციას ასეთი გეგმების მიმართ, თუმცა აქ უბრალოდ საჭიროა, ალბათ, მათთვის უფრო აქტიური ახსნა. აბსურდულია ამის რუსულ პროექტად მიჩნევა", - თქვა კრემლის სპიკერმა.

დიმიტრი პესკოვს ჰკითხეს, ადევნებს თუ არა კრემლი თვალს საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გარშემო შექმნილ ვითარებას, რაზეც მან უპასუხა:

"არცერთ სუვერენულ სახელმწიფოს არ სურს სხვა ქვეყნების ჩარევა შიდა პოლიტიკაში. ეს ნორმალური პრაქტიკაა", - თქვა პესკოვმა.

***

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ინფორმაცია, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპირებდნენ, მმართველმა გუნდმა დღეს გააჟღერა.

რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.

პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.

რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.