ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ კრამერის განცხადებით, წინასაარჩევნოდ რუსული კანონის მიღება და ამოქმედება უბრალო დამთხვევა არ არის და ის მიზანმიმართულად ხდება.
კრამერის შეფასებით, ქართული ოცნების ეს ნაბიჯი მთავარი შეცდომა და ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.
"გასული წლის კონფერენციის შემდეგ, საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის მხრიდან, მას შემდეგ, ჩვენ ვიხილეთ რიგი ცვლილებები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ პოლიტიკაში ბრუნდებოდა. შეიცვალა პრემიერმინისტრი და შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, მიუხედავად ძლიერი წინააღმდეგობისა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს მოკავშირეების მხრიდან, მაგრამ ძლიერი მხარდაჭერით მოსკოვის მხრიდან.
ჩემი გადმოსახედიდან, NGO-ებთან დაკავშირებული კანონმდებლობა არის მთავარი შეცდომა და უკან გადადგმული ნაბიჯი ამ ქვეყნისთვის. ჩვენ ვხედავთ, რას აკეთებენ არასამთავრობოები ამ ქვეყანაში. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება სწორედ არჩევნების წინ. მაგრამ, ასევე, ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება და არ არის უბრალოდ დამთხვევა.
რომ შევაჯამოთ, ამ ქვეყანაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ცვლილებები არის გაუმჯობესებისკენ. უფრო მეტად, ეს უკან გადადგმული ნაბიჯია", - განაცხადა კრამერმა.