რუსული კანონის მეორე მოსმენით მხარდაჭერის შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციამ ბრიფინგი გამართა. მათი განცხადებით, დღევანდელ აქციაზე მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა პირადად ირაკლი კობახიძესა და რუსული კანონის მხარდამჭერ 83 დეპუტატს ეკისრება.
"გარეთ მყოფი თითოეული ადამიანი არის ამ ქვეყნის სადარაჯოზე, ევროპული არჩევანის სადარაჯოზე, ამიტომ რომელიმე მართგანს რამე რომ დაემართოს, პერსონალურად ირაკლი კობახიძე და ეს 83 ადამიანი აგებს პასუხს. ახალგაზრდებს მივმართავ, იყავით მედგრად, მშვიდობიანად და მტკიცედ კორძაია", - თქვა თამარ კორძაიამ.
განცხადება გააკეთა ევროოპტიმისტების წევრმა, ხატია დეკანოიძემაც. მისი თქმით, დღეს 83-მა ადამიანმა საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებას მოაწერა ხელი.
"გეოპოლიტიკური არჩევანი ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა რუსეთის სასარგებლოდ, მაგრამ ხალხი, თქვენ, ვინც ახლა გარეთ დგახართ, თითოეული თქვენგანი, ჩვენი შვილებიც, ყველა გარეთ არის, ჩვენი ოჯახები, თითოეული თქვენგანის გეოპოლიტიკური არჩევანი არის ევროპა. ამიტომ, გთხოვთ, ახლა არ არის ტელევიზორების ჯდომის დრო, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთად შევიკრიბოთ და სწორი, კატეგორიული, ხისტი პასუხი გავცეთ ხელისუფლებას ამ სამარცხვინო საქციელზე.
მივმართავ პოლიციას, შს მინისტრ გომელაურს, ირაკლი კობახიძეს, ბეწვი არ ჩამოუვარდეთ ჩვენს შვილებს, თავი დაანებეთ ჩვენს შვილებს, ნუ გაქვთ ჩვენს შვილებთან, ახალგაზრდებთან, ქალებთან, გოგოებთან დიდი გული ნიღბიანი სპეცრაზმელების მეშვეობით. არავის დააკაროთ თითი", - აღნიშნა დეკანოიძემ.