კონსტიტუციის 78-ე მუხლი: საჯარო სამსახურებიდან უკვე 800-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს

კონსტიტუციის 78-ე მუხლი: საჯარო სამსახურებიდან უკვე 800-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს

საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, კონსტიტუციის 78-ე მუხლის ინფორმაციით, საჯარო სამსახურებიდან უკვე 800-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს.

მათი ცნობით, მხოლოდ საჯარო რეესტრიდან 200-ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული.

"საჯარო სამსახურში მიმდინარე რეპრესიები კიდევ უფრო ფართოვდება და იზრდება რეპრესირებული საჯარო მოხელეების რიცხვი. მხოლოდ ერთი უწყებიდან, საჯარო რეესტრიდან გათავისუფლდა უკვე 200-ზე მეტი საჯარო მოსამსახურე და ზოგადად მთელ საჯარო სექტორში გათავისუფლებული თანამშრომლების რაოდენობა 800 ადამიანს აჭარბებს", - აცხადებენ ისინი.

მათი თქმით, მორიგი რეორგანიზაცია 16 აპრილს განათლების სამინისტროში გამოცხადდა. მათივე თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ რეორგანიზაციის პროცესი შეეხება განათლების სამინისტროს სისტემაში არსებულ სსიპებს, მათ შორის, სასწავლო დაწესებულებებს.

პროფკავშირების ცნობით, პირველ მაისს საპროტესტო მსვლელობას გამართავენ.

"მიმდინარე მოვლენების გამოძახილად, საქართველოში მოქმედი 10 დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებები ვგეგმავთ პირველ მაისს კოლმეურნეობის მოედნიდან მსვლელობას, რათა გამოვხატოთ პროტესტი საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიებისა და ზოგადად ქვეყანაში არსებული უსამართლო სოციალური პოლიტიკის გამო", - აცხადებენ ისინი.