კომისარი ო’ფლაერტი საქართველოში ვიზიტის შემდეგ შეფასებას აქვეყნებს

კომისარი ო’ფლაერტი საქართველოში ვიზიტის შემდეგ შეფასებას აქვეყნებს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, მაიკლ ო'ფლაერტი, რომელიც საქართველოში 21-23 იანვარს იმყოფებოდა, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი შეფასება "შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლგბტი ადამიანების სტიგმატიზაციის დასრულება" ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ო’ფლაერტი აღნიშნავს, რომ ის მაღალ შეფასებას აძლევს სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების გამძლეობას, რომლებსაც მუშაობა რთულ პირობებში უწევთ და ქვეყანაში ადამიანის უფლებების სერიოზული ხარვეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომების მიღებას ითხოვს.

კონკრეტულად, ის გამოთქვამს შეშფოთებას 2024 წლის აპრილში და 28 ნოემბრის შემდეგ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებისა და დაუდგენელი ნიღბიანი პირების მიერ დემონსტრანტების უკანონო დაკავებებისა და ძალის გადამეტებული გამოყენების ბრალდებებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობის გამო.

ამასთან, კომისარი გამოხატავს შეშფოთებას პროტესტის ახალი შეზღუდვების გამო, მათ შორის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი გარკვეული ცვლილებების გამო. ეს შეზღუდვები მოიცავს მომიტინგეების მიერ სახის დაფარვის აბსოლუტურ აკრძალვას, ადმინისტრაციული დაკავების, ჩხრეკისა და ძალის გამოყენებით დაკავების შესაძლებლობების გაზრდას და უფრო მკაცრ ჯარიმებს საჯარო პროტესტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.

"მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება არ დაირღვეს ადმინისტრაციული ან საკანონმდებლო ზომებით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ოცნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კომისარმა გამოცემა ნეტგაზეთის თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზეც გაამახვილა ყურადღება და თბილისში ყოფნის დროს მოშიმშილე ჟურნალისტი მოინახულა.

"იმის განსჯის გარეშე თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული სამომავლოდ მის ბრალდებასთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ მისი წინასწარი პატიმრობის გაგრძელება გაუმართლებელია და ძალიან შეშფოთებული ვარ მისი მდგომარეობით", – განაცხადა კომისარმა.

გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კომისარი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ოჯახის ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონთან დაკავშირებით, რომელიც მას მიაჩნია, რომ შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და მანამდე უწოდა როგორც დისკრიმინაციულ და სტიგმატიზებული.

"მიუხედავად იმისა, რომ კანონის იმპლემენტაცია ჯერ არ დაწყებულა, მისი გავლენა უკვე იგრძნობა ლგბტი ადამიანებისთვის ჯანდაცვისა და სხვა ძირითადი სერვისების უფრო შეზღუდული ხელმისაწვდომობით, გაზრდილია მსხვერპლად გახდომის შიში და სტიგმის გამწვავება ლგბტი ადამიანებში", - განაცხადა კომისარმა ო'ფლაერტიმ.

ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო'ფლაერტი შეხვდა ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას, შს მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს, ბექა ძამაშვილს და ნიკო თათულაშვილს, სსს-ს უფროსს, კოკა კაციტაძეს, გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს, გიორგი ბადაშვილს და საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს.