კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2024 წლის საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტი კანდიდატების სიიდან კონსტიტუციის მე-14 შესწორების საფუძველზე უნდა ამოიღონ, რომლის თანახმადაც აჯანყებაში მონაწილე პირებს საჯარო თანამდებობის დაკავება ეკრძალებათ.
სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპი მონაწილეობდა 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებში, როდესაც მისმა მხარდამჭერებმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაპროტესტება კაპიტოლიუმში შეჭრით სცადეს.
სასამართლოში 4-მა მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, სამმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
"პრეზიდენტმა ტრამპმა წაახალისა ძალადობა და უკანონო ქმედებები, რომელთა მიზანი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის ჩაშლა იყო", - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ გაასაჩივრებდა გადაწყვეტილებას აშშ-ის უზენაეს სასამართლოში, რაზეც კოლორადოს სასამართლომ განაცხადა, რომ გადადებს განჩინების მოქმედებას 2024 წლის 4 იანვრამდე, რათა გასაჩივრება შესაძლებელი იყოს.
როგორც კოლორადოს საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, საკითხი 5 იანვრამდე უნდა გადაწყდეს, რაც კანონით დადგენილი ვადაა რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზის კანდიდატთა სიის დასადგენად.
ტრამპის კამპანიის წარმომადგენელმა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას "არადემოკრატიული" უწოდა.
Reuters წერს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ კოლორადოს, მაგრამ აუცილებლად მოახდენს გავლენას 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაზე.