კოლონასთან შეხვედრისას ზურაბიშვილმა თქვა, რომ სტატუსზე მეორე უარი კონტრპროდუქტიული იქნება

კოლონასთან შეხვედრისას ზურაბიშვილმა თქვა, რომ სტატუსზე მეორე უარი კონტრპროდუქტიული იქნება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ მიიღებს, ეს რთულად გასაგები და კონტრპროდუქტიული გზავნილი იქნება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"დღეს საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში იმყოფება და ამ მომენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე გეოპოლიტიკური კონტექსტიც - საქართველო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ მიიღებს, ეს რთულად გასაგები და კონტრპროდუქტიული გზავნილი იქნება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების საკითხს და ამ მიმართულებით შავი ზღვის უსაფრთხოებას. საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალი სატრანზიტო - ენერგეტიკული კავშირების განვითარებაში", - აღნიშნავენ ადმინისტრაციაში.

პრეზიდენტის განცხადებით, თუ საკითხს ისტორიული პერსპექტივით შევხედავთ, ის რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე რეალობაა და ევროპა უკვე წარმოდგენილია რეგიონის ქვეყნებში.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერა. მინისტრის განცხადებით, სასიამოვნოა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სიღრმისეულად პროევროპული ორიენტაციისაა და თბილისის ქუჩებში ვხედავთ ევროკავშირის დროშებს.

"საქართველოს ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობა!" - აღნიშნა კოლონამ.