ედუარდ კოკოითი, რომელიც აგვისტოს ომის დროს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი იყო, ამბობს, რომ საქართველომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი უნდა აღიაროს. კოკოითმა ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვები შეაფასა, რომელმაც განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ "ოს ძმებს" ბოდიში უნდა მოუხადოს.
კოკოითის თქმით, ეს "გაბედული განცხადებაა", თუმცა ივანიშვილის გულწრფელობაში დარწმუნებული არაა.
"თვითონ ივანიშვილის განცხადების შინაარსში ახალი არაფერი არაა. 2008 წლიდან ვაცხადებ, რომ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები საერთაშორისო დამნაშავეები არიან. ისინი აუცილებლად უნდა გასამართლდნენ და დაისაჯონ. [...] ყველაფრის სულელ სააკაშვილსა და აშშ-ზე გადაბრალების მცდელობა - ძალიან წარუმატებელი და არაშორსმჭვრეტელია. პასუხისმგებელია მთელი საქართველო, რომელმაც დათმო თავისი დამოუკიდებლობა და აშშ-სა და კოლექტიური დასავლეთის მარიონეტი გახდა", - დაწერა ტელეგრამზე კოკოითმა.
სეპარატისტი ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი უნდა აღიაროს და მას ტერიტორიები დაუბრუნოს.
"თუ საქართველო ოსი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობითაა გამსჭვალული, მაშინ, პირველ რიგში, საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს ყველა აუცილებელ ხელშეკრულებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მშვიდობასა და საომარი მოქმედებების არგანახლებას, ამავე დროს დააყენოს საქართველოს მიერ ოკუპირებული ოსური თრუსოს, გუდოსა და სხვა ხეობების დაბრუნების საკითხი", - წერს კოკოითი.