კობახიძის თქმით, დეკემბერში სტატუსზე უარის შემთხვევაში, "კარტების მეტად გახსნა" დასჭირდებათ

კობახიძის თქმით, დეკემბერში სტატუსზე უარის შემთხვევაში, "კარტების მეტად გახსნა" დასჭირდებათ

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე უარყოფითი პასუხი იქნება, "მოუწევთ" საზოგადოებისთვის "კარტები მეტად გახსნან". ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს მეტ დეტალში.

"დეკემბერში, კიდევ ერთხელ, თუ განმეორდა უსამართლო გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში, ჩვენ საზოგადოებისთვის მოგვიწევს იმაზე მეტი დეტალის ახსნა, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით, რაღაცებს ვუფრთხილდებოდით უფრო მეტად. რა თქმა უნდა, რაღაცების გაფრთხილება მოგვიწევს, მაგრამ საზოგადოებას ვეტყვით მეტ დეტალს, ამ თემის გარშემო, მეტი ახსნა-განმარტების მიცემა მოგვიწევს საზოგადოებისთვის.

ვიტყვით იმას, თუ რამ განაპირობა შარშან ივნისში უარყოფითი გადაწყვეტილება და თუ იგივე მოხდება დეკემბერში, ასევე, ავუხსნით საზოგადოებას უფრო დეტალურად, სიღრმისეულად, რას შეიძლებოდა განეპირობებინა დეკემბრის გადაწყვეტილება, ანუ, უფრო მეტად დაგჭირდება კარტების გახსნა საზოგადოების წინაშე", - განაცხადა მან.

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა.

მდგომარეობის გამოსასწორებლად ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მისცა.

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს.

ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ევროკავშირის მიერ დაკისრებული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, "ფაქტობრივად, ბოლოში გადის". მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რეკომენდაციები დიდწილად შესრულებულია და სრულად ივნისის ბოლომდე შესრულდება.