კობახიძის მტკიცებით, დრაკონულ ცვლილებებს "სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის" იღებენ

კობახიძის მტკიცებით, დრაკონულ ცვლილებებს "სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის" იღებენ

რეჟიმის პრემიერი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ, ახალ დრაკონულ ცვლილებებს "სახელმწიფო ინტერესების დაცვისთვის" იღებენ.

"ზოგად თემას რაც შეეხება, პირველ რიგში, არ შეიძლება, რომ ოთხმა ასეულმა ადამიანმა ოთხ მილიონ ადამიანს შეუქმნას დისკომფორტი. არ შეიძლება ოთხმა ასეულმა ადამიანმა შეაფერხოს ეკონომიკის განვითარება ოთხი მილიონი ადამიანისთვის. ერთადერთი, რასაც ემსახურება ეს ცვლილებები სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არის სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა, ეს არის პოლიციის გაძლიერება, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად.

კიდევ გავიმეორებ, ვერავინ ვერ აღმართავს ხელს ქართულ სახელმწიფოზე და ქართული სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, მითუმეტეს, ოთხი ასეული ადამიანი, რომელიც ცდილობს ოთხ მილიონ ადამიანს შეუქმნას გარკვეული პრობლემები. ოთხი ასეული ნაციონალის მხრიდან არ შეიძლება ჩვენ გავატაროთ ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის პრობლემების შექმნა", - ამბობს ის.

ქართული ოცნების არალეგიტიმურმა, ერთპარტიულმა პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ, ახალ დრაკონულ ცვლილებებს.

როგორც ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებს, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ქართული ოცნების 80-მა ე.წ. დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ქართულმა ოცნებამ ახალი რეპრესიული კანონმდებლობის მიღება 3 თებერვალს დააანონსა, რომლის თანახმადაც, 60 დღემდე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, მესაკუთრის თანხმობის გარეშე დახურულ სივრცესა და შენობებში აქციების ჩატარება და საჯარო კრიტიკა იკრძალება.