ბერლინში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ქართული ოცნების წევრებისა და პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის დასწრების პარალელურად, აქტივისტები აქციას გამართავენ.
"უთხარი არა ქართული ოცნების ვიზიტს ბერლინში! არა რუსულ რეჟიმს" - ამ სახელწოდებით ღონისძიება უკვე გამოქვეყნდა Facebook-ზე. ორგანიზატორი მოძრაობა გზაა.
"გააგონე შენი ხმა სასტუმრო ადლონში შექოცებულ ოცნებას!
საქართველოს მთავრობა უტიფრად აგრძელებს საქართველოს საბოტაჟს. მათ ქვეყანა მიჰყავთ იზოლაციისკენ და საფრთხეში აყენებენ ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ დროს კი განაგრძობენ ევროპულ ვიზიტებს, რომლის ფარგლებში ისინი 21 ივნისს ბერლინს ეწვევიან , რათა აღნიშნონ ეროვნული დღესასწაული, მაშინ, როდესაც პოლიტიკურად ყველაზე წყნარი პერიოდია და გერმანელი პოლიტიკოსების უმრავლესობა არ იმყოფება დედაქალაქში.
ჩვენ ჩვენი აქციით გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ რუსული რეჟიმის ქართულ ოცნებას, რომ მათი ადგილი არ არის ევროპაში, რადგან მათ უარი თქვეს ჩვენი ქვეყნის დასავლურ მომავალზე და უღალატეს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს!
21 ივნისს 15 საათზე სასტუმრო ადლონთან ახლოს, მისამართზე - Unter der Linden 76, ვიკრიბებით, რათა ერთად გავაპროტესტოთ მოღალატეთა ვიზიტი და არ მივცეთ საშუალება კომფორტულად იყონ იქ, სადაც ისინი მტრებს ხედავენ", - ნათქვამია განცხადებაში.
2024 წლის 7 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით 21 ივნისს, გერმანიის ერთ-ერთ სასტუმროში მიღებას მართავს.
მოსაწვევის ფოტოს თანახმად, მიღებას გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია აორგანიზებს.
მწერალმა ლაშა ბუღაძემ 7 ივნისს Facebook-ზე დაწერა, რომ ღონისძიების მოსაწვევი არ მიუღიათ გერმანიაში მოღვაწე ცნობილ ქართველ მწერლებს, ხელოვანებს, რომლებიც ანტირუსულ პოზიციას აფიქსირებენ.