
რეჟიმის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე რუსთაველის გამზირის ნაცვლად სამების საკათედრო ტაძარში მივიდა.
ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს განცხადებაზე, რომელიც 9 აპრილთან დაკავშირებით გაავრცელა და რომელშიც რუსეთს ახსენებს. ჟურნალისტმა მას ჰკითხა: ორმა ნაწილმა გამოიწვია საზოგადოების ნაწილის გულის წყრომა. ერთი ის, რომ რუსეთი ა რიყო ნახსენები და მეორე ის, რომ გარე ძალა, რუსეთთან გათანაბრებული იყო დიფსთეითი, როგორ განმარტავთ ამ განცხადებას?
კობახიძემ ამას სპეკულაცია უწოდა და თქვა, რომ "დიფსთეითსა" და 36 წლის წინანდელ კგბ-ის მეთოდებთან ტოლობის ნიშანს სვამს.
"ესეც არის ცარიელი სპეკულაციები. რეალურად, მე აქცენტი მქონდა პარალელზე 36 წლის წინაც მოქმედებდა სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნულ ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს - ზუსტადაც რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს, ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს დიფ სთეითი, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე, 36 წლის წინ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა კაგებე. მეთოდები არ შეცვლილა, საბჭოთა კაგებეს მეთოდებით მოქმედებს დიფ სთეითი და რაც ყველაზე დასანანია, ამაში იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას. ეს უნდა დასრულდეს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება ძალიან მკაფიო პოზიცია მომავალშიც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი საზოგადოების ინტერესები. საზოგადოების ინტერესებშია ერთიანობა და არა სიძულვილი და გახლეჩა"- თქვა კობახიძემ.