კობახიძე: უკრაინაში ტრაგიკული მდგომარეობაა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით

კობახიძე: უკრაინაში ტრაგიკული მდგომარეობაა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების პასუხად ამბობს, რომ უკრაინაში "ტრაგიკული მდგომარეობაა" დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით.

ის კვლავ ირწმუნება, რომ საქართველო "უპირობო ლიდერია" ევროკავშრის კანდიდატ ქვეყნებს შორის - დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით.

"მე არ მინდა შევიდე პოლემიკაში ბატონ ზელენსკისთან, ის არის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, შესაბამისად, როგორი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს მან, მე არ ვთვლი საჭიროდ ამაზე რეაგირებას. ზოგადად, რაც შეეხება მდგომარეობას დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით - უკრაინაში, ამ თვალსაზრისით, არის ტრაგიკული მდგომარეობა, როგორც დემოკრატიის კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით. ნუ, როდესაც ასეთ დროს საუბრობენ საქართველოში დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, ეს თავისთავად არის ნონსენსი. საქართველო არის ლიდერი, უპირობო ლიდერი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, მათ შორის დემოკრატიის და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ჩვენ, ათი თავით მაღლა ვდგავართ ყველა კანდიდატ ქვეყანაზე, როგორც ადამიანის უფლებების, ისე დემოკრატიის თვალსაზრისით", - ამბობს კობახიძე.

24 სექტემბერს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოც ახსენა. მან თქვა:

"ჩვენ ევროპაში უკვე დავკარგეთ საქართველო, ადამიანის უფლებები და ევროპული ხასიათის სახელმწიფოებრივი მოწყობა იქ მხოლოდ უარესდება. საქართველო დამოკიდებულია რუსეთზე და მრავალი წელია, ბელარუსი ასევე მიიწევს რუსეთზე დამოკიდებულებისკენ. ევროპა ვერ მისცემს თავს მოლდოვის დაკარგვის უფლებასაც...", - თქვა მან.