პაპუაშვილი: სავახშმოდ არა, საქმეზეა ჩასული პრეზიდენტი

პაპუაშვილი: სავახშმოდ არა, საქმეზეა ჩასული პრეზიდენტი

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანის მარკო რუბიოს მიერ 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამზე საქართველოს არმიწვევაზე ამბობს, რომ ქართული ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი "არა სავახშმოდ, არამედ - საქმეზეა ჩასული".

"სავახშმოდ არ არის ჩასული პრეზიდენტი, საქმეზეა ჩასული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, პრეზიდენტის მიღებაზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი, ჰქონდა გასაუბრების შესაძლებლობა, რაც შეეხება სხვებს, რა ვიცი, ჰკითხეთ სახელმწიფო მდივანს", - ამბობს ის.

შალვა პაპუაშვილამდე ამ თემაზე კომენტარი ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემაც გააკეთა. მან საქართველოს არმიწვევა დიფ სთეითს დაუკავშირა.

"ზოგადად, როდესაც დამოკიდებულება არ იცვლება საქართველოს მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავაც მძლავრობს დიფ სთეითი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს უმასპინძლა, სადაც საქართველო მიწვეული არ ყოფილა.

ვახშამს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.