
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ელჩების განცხადებები "დიპლომატიასთან შესაბამისობაში არ მოდის".
ის ამბობს, რომ ელჩები "ყველაფერს არღვევენ, ყველანაირი წითელი ხაზი [მათი მხრიდან] არის გადაკვეთილი".
"თქვენ ხედავთ, ხო, თუნდაც მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები მოვისმინეთ, დაფინანსებები, რომლებიც შემოდის ქვეყანაში, უშუალოდ მათი ჩართულობით, მონაწილეობით ხდება ექსტრემისტული ორგანიზაციების, მათი ლიდერების წახალისება, საზოგადოების გახლეჩის მცდელობა, ნახეთ თანხები, რომლებიც წლების განმავლობაში შემოდიოდა ე.წ. არასამთავრობოების გავლით და ხმარდებოდა მხოლოდ რევოლუციის მოწყობის, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას - ერთი ხაზია ეს ყველაფერი, ერთი ხელით იმართება, გარედან. ეს კონკრეტული ელჩებიც, მოუსმინეთ, რა განცხადებებს აკეთებენ, საოცრებაა, წარმოუდგენელია. დიპლომატიურ თანამშრომლობაზე ხომ საერთოდ საუბარიც ზედმეტია და დიპლომატიასთან მათი განცხადებები არანაირი შესაბამისობაში არ მოდის. იგივე, ვენის კონვენციაზე საუბრობდით - ყველაფერს არღვევენ, ყველანაირი წითელი ხაზი არის გადაკვეთილი", - ამბობს ის.
გუშინ, 24 სექტემბერს ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი დაიბარა, დღეს კი, 25 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი.
ქართული ოცნების საგარეოს დიდი ბრიტანეთის ელჩის დაბარებაზე ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა, გუშინ პიტერ ფიშერთან შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას".
ამასთან, საგარეოს განცხადებით, ელჩს "განემარტა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ" 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში".
ელჩის დაბარებაზე კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და განაცხადა, რომ მტკიცედ გმობს ელჩის უსაფუძვლო დაბარებას და ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას პიტერ ფიშერის წინააღმდეგ.