კობახიძე თეატრის მანიფესტზე: ფსევდოელიტის წარმომადგენლები ცდილობენ რევოლუციის ორგანიზებას

კობახიძე თეატრის მანიფესტზე: ფსევდოელიტის წარმომადგენლები ცდილობენ რევოლუციის ორგანიზებას

არალეგიტიმური პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, "კანვასის რევოლუცია საქართველოში არ შედგება".

მან მედიასთან ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ "ფსევდოელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას ".

"ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის მეოთხე მცდელობა: ხან პარტიებით სცადეს რევოლუციის მოწყობა, ხან ენჯეობით, ხან ჟურნალისტებით - საუბარია მედიამენეჯერებსა და ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებზე.

ყველა საშუალებით სცადეს რევოლუციის მოწყობა, თუმცა ყველანაირი მცდელობა ჩავარდა და ახლა ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის ერთგვარი კანვასის რევოლუციის მცდელობა, თქვენ იცით, რომ ე.წ. შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებისთვის ტარდებოდა რევოლუციაში ტრენინგები და ამის შედეგებს ვხედავთ დღეს, ფსევდოელიტის წარმომადგენლები ცდილობენ გარკვეული რევოლუციური პროცესების ორგანიზებას.

თუმცა რა თქმა უნდა, ესეც არის წარუმატებლობისთვის განწირული, როგორც ყველა, ოთხივე წინა მცდელობა ჩავარდა. კანვასის რევოლუცია საქართველოში არ შედგება, მოვუწოდებ ყველას, მიხედონ თავის პროფესიას", - ირწმუნება კობახიძე.

***

23 იანვარს, ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის (ახალი თეატრი) წინ საპროტესტო მანიფესტის ფონზე რეჟისორმა დავით დოიაშვილმა დააანონსა, რომ "ახალი თეატრი რეგიონებში გადის".