კობახიძე: როცა ლიდერები ევროპაში ზურაბიშვილს ხვდებიან, კონსტიტუციისადმი უპატივცემულობაა

მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს [სალომე ზურაბიშვილის] ვიზიტი არის არაკონსტიტუციური, რაც არის მკაფიო სამართლებრივი მოცემულობა და ასეთ დროს, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები ევროპაში ხვდებიან სალომე ზურაბიშვილს, ამით ისინი გამოხატავენ უხეშ უპატივცემულობას საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის მიმართ.

საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობა არის ის პრინციპი, რომელიც უნდა დაიცვან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა, არამედ უცხოელმა პარტნიორებმაც, რაც სამწუხაროდ არ ხდება. ეს მეტყველებს გარკვეულ ღირებულებით პრობლემებზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით შეიმჩნევა კონკრეტულ ქვეყნებში. როდესაც პატივს არ სცემ კანდიდატი ქვეყნის კონსტიტუციას, ეს არის, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის კონსტიტუციის უზენაესობის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება.

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპაში იმყოფება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს შეხვდა, მათ შორის გერმანიისა და პოლონეთის პრეზიდენტებს, ასევე, დღეს ის ხვდება შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს.