კობახიძე: ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი

კობახიძე: ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი

"ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი", - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას 3 ევროპელი ლიდერის, მათ შორის გერმანიის კანცლერის ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით.

კობახიძის აზრით, გერმანიის კანცლერს მეტად უნდა ეცალოს "საკუთარი პრობლემებისთვის და არა საქართველოს თემებთან დაკავშირებით აკეთებდეს განცხადებებს".

"პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი. მას დაეშალა კოალიცია, უახლოეს მომავალში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები, მე მგონი, გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის და არა საქართველოს თემებთან დაკავშირებით უნდა აკეთებდეს განცხადებებს", - თქვა კობახიძემ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ერთობლივ განცხადებაში ევროპელი ლიდერები საქართველოს ხელისუფლებას ასევე არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობების სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

რაც შეეხება გერმანიას, გერმანიის სამპარტიული მმართველი კოალიცია დაიშალა მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდერი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მიზეზად კი ეკონომიკურ რეფორმებზე მუდმივი უთანხმოება დაასახელა.