პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას.
კობახიძე ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ.
კობახიძე ასევე მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, საპარლამენტო არჩევნებამდე თავი შეიკავოს სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდებისგან.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე ორგანიზაციისთვის, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების თაობაზე.
ის ფაქტი, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აქვს განცხადებული საარჩევნო მიზანი და ის აწარმოებს ღია საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდას მმართველი პარტიის წინააღმდეგ, რისთვისაც შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებსაც იყენებს, ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის ცხადია. აქედან გამომდინარე, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, სამართლებრივი თვალსაზრისით, უტყუარობის უმაღლესი სტანდარტით არის დასაბუთებული და სრულად შეესატყვისება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების მართებულობა პირველი ინსტანციის სასამართლომაც დაადასტურა.
თუმცა, სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას. ამასთან, სასურველია, იგივე მიდგომა გავრცელდეს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებზეც, მიუხედავად, იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას დაუმორჩილებლობა მხოლოდ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გამოუცხადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართულ საზოგადოებას სათანადო დასკვნების გამოსატანად და სიფრთხილის გამოსაჩენად „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის რაიმე სამართლებრივი სტატუსის შეფარდება არ ჭირდება"- წერს კობახიძე.
ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია აირჩიე ევროპა, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და ორგანიზაციის თანადამფუძნებლები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო. მათზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება.