კობახიძე ხარიშინის გაწვევაზე: არაპოლიტიკური აქტია, სარეცხი მანქანის შეძენას უკავშირდება

კობახიძე ხარიშინის გაწვევაზე: არაპოლიტიკური აქტია, სარეცხი მანქანის შეძენას უკავშირდება

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, მიხაილო ხარიშინის გაწვევაზე ამბობს, რომ ეს პოლიტიკური აქტი არ არის და ის საელჩოს წარმომადგენლის მიერ "საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას უკავშირდება".

"რეალურად ეს არ არის, ჩემი ინფორმაციით, იმ ტიპის გადაწყვეტილება, რაც თავის დროზე, 2022 წელს იყო მიღებული, ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით. მაშინ გახსოვთ, ეს იყო სუფთად პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ იმის გამო, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს და არ გავგზავნეთ მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, გაიწვია საქართველოდან ელჩი, ეს იყო პოლიტიკური აქტი.

ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი. კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები დიპლომატიური სტატუსია აქვს მასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები და ეს ჩაითვალა არაადეკვატურად მიმდინარე ომის ფონზე და ეს გახდა გაწვევის მიზეზი. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ანუ განსხვავებით ელჩის გაწვევისგან, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით არ უნდა შეეძინა ომის პირობებში, სარეცხ მანქანებზეა საუბარი", - ამბობს კობახიძე.

***

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, მიხაილო ხარიშინი გაიწვია.

როგორც მინისტრი Facebook-გვერდზე წერს, საგარეო უწყებამ ომში მყოფი ქვეყნის რეალობას უნდა უპასუხოს. მისი განცხადებით, ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ვერ იქნებიან მოწყვეტილი ომის რეალობისგან.

სიბიგა წერს, რომ მიიღო საქართველოში დროებითი რწმუნებულის გრძელვადიანი მივლინების შეწყვეტის შესახებ და მიზეზად "ომში მყოფი სახელმწიფოს დიპლომატიის რეალობის სრული გაუგებრობა" დაასახელა.

"ამასთან დაკავშირებით, მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაყვანის შესახებ. მე კარგად ვიცი, რას ნიშნავს ელჩად მუშაობა და როგორ გავხადო ეს საქმე უფრო ეფექტური. დღეს ყველა ელჩი უნდა ასრულებდეს მწვრთნელის როლს, რომელიც არ ელოდება ცენტრიდან მითითებებს, არამედ მოქმედებს პროაქტიულად, იღებს პასუხისმგებლობას და საკუთარი მაგალითით აჩვენებს უკრაინული დიპლომატიის ძალას", - აცხადებს სიბიგა.