კობახიძე: კონკრეტული ელჩები პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესში, სჭირდება რეაგირება

კობახიძე: კონკრეტული ელჩები პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესში, სჭირდება რეაგირება

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს არის "ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა".

ის კვლავ ირწმუნება, რომ "კონკრეტული ელჩები პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში", რაც მისი თქმით, "დემოკრატიის პრინციპისა და ვენის კონვენციის უხეში ხელყოფაა", რასაც "რეაგირება სჭირდება".

"რა თქმა უნდა, ყველა ხედავს, რომ კონკრეტული ელჩები პირდაპირ არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, რაც არის დემოკრატიის პრინციპის უხეში ხელყოფა და ეს არის ვენის კონვენციის პრინციპების უხეში ხელყოფა. ამას სჭირდება რეაგირება, ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ელჩები დაუბრუნდებიან დიპლომატიურ ჩარჩოებს, მათ უნდა დაიცვან წესები, უნდა დაიცვან პრინციპები, ეს არის მათ შორის ევროპული მიდგომა, არ შეიძლება საბჭოური მიდგომებით მოქმედებდნენ ელჩები. მათი დაბარება არის დიპლომატიური ზომა, რომლის ერთადერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ელჩები დაბრუნდნენ დიპლომატიურ ჩარჩოებში.

[...] ჩვენთან უხეში ფორმით ხდება არა მარტო პოლიტიკაში ჩარევა, არამედ პირდაპირ რადიკალიზმისა და პოლარიზაციის წახალისება, რაც კიდევ ვიტყვი, რომ არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა.

[...] ვხედავთ, რომ ევროკავშირიდან ელჩები, სამწუხაროდ, ხშირად არღვევენ პრინციპებს, წესებს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. საქართველოში ელჩი უნდა იქცეოდეს ისე, როგორც შეეფერება ელჩს და არა - როგორც პოლიტიკოსს", - ამბობს კობახიძე.

გუშინ, 24 სექტემბერს ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი დაიბარა, დღეს კი, 25 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი.

ქართული ოცნების საგარეოს დიდი ბრიტანეთის ელჩის დაბარებაზე ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა, გუშინ პიტერ ფიშერთან შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას".

ამასთან, საგარეოს განცხადებით, ელჩს "განემარტა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ" 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში".

ელჩის დაბარებაზე კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც და განაცხადა, რომ მტკიცედ გმობს ელჩის უსაფუძვლო დაბარებას და ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას პიტერ ფიშერის წინააღმდეგ.