ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყვარლის ტბასთან განვითარებულ მოვლენებს პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ "ქსენოფობიის ადგილი არაა".
როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სიძის ძმა, მიკა ვინო, იგივე მოშე ვინოკუროვი ყვარელში ქორწილს იხდის. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილისთვის ჩამოვიდნენ ლავროვის შვილი ეკატერინა ვინოკუროვა და მისი ქმარი, ბიზნესმენი ალექსანდრ ვინოკუროვი. ორივე მათგანი დასავლეთის სანქციების ქვეშაა.
დღეს დილიდან ყვარლის ტბასთან მოქალაქეები და აქტივისტები არიან შეკრებილები და აქციას მართავენ. ადგილზე კი მობილიზებულია პოლიციაც. იყო დაპირისპირება, რა დროსაც აქციის მონაწილეები დააკავეს.
"ერთი საინტერესო დეტალია კიდევ. როდესაც საუბარია კონკრეტული რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლაზე, პირველი სახელობითი ინფორმაცია აქვს ხოლმე ყოველთვის ხოშტარიას, თუ დააკვირდებით. პოზნერის შემთხვევაშიც ასე იყო. ახლაც ამტკიცებს, რომ ზუსტად იცის, საქართველოში კონკრეტული ადამიანია ჩამოსული. საინტერესოა, რა კავშირები აქვს ასეთი ელენე ხოშტარიას, რომ პირველი იგებს რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით", - თქვა კობახიძემ.