პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე კორუფციის შესახებ ანგარიშზე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაცის ეხმაურება და მას ტყუილში ადანაშაულებს.
კობახიძე ირწმუნება, რომ GRECO-ს ანგარიში კი არ დამალეს, არამედ სათარგმნია და "როგორც კი ითარგმნება, მაშინვე იქნება გამოქვეყნებული".
"ალბათ GRECO-ს ანგარიშზე საუბარი. ეს ტყუილ გაავრცელა საერთაშორისო გამჭვირვალობამ, რომელსაც სინამდვილეში უნდა ერქვას ნაციონალური ბუნდოვანება. სრულიად საპირისპიროა იმისა, რაც ჰქვია. ანუ, ნაციონალურმა ბუნდოვანებამ გამოაქვეყნა ტყუილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ დავმალეთ გრეკოს ანგარიში. სინამდვილეში, უკვე გვაქვს გაცემული თანხმობა სტრასბურგისთვის, ევროსაბჭოსთვის იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება. ტექნიკური საქმეა დარჩენილი- თარგმნა, დღეების ამბავია, როგორც კი ითარგმნება, მაშინვე იქნება გამოქვეყნებული"- თქვა კობახიძემ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს.
ორგანიზაციის ცნობით, 2024 წლის 18-22 მარტს სტრასბურგში GRECO-ს 96-ე პლენარულ შეხვედრაზე დამტკიცდა საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში, რომელმაც შეაფასა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა და ასევე, სამართალდამცავი ორგანოების კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების მექანიზმები. შეფასებას თან ახლავს რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შესახებ ანგარიში საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 30 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს.