საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს.
ორგანიზაციის ცნობით, 2024 წლის 18-22 მარტს სტრასბურგში GRECO-ს 96-ე პლენარულ შეხვედრაზე დამტკიცდა საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში, რომელმაც შეაფასა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა და ასევე, სამართალდამცავი ორგანოების კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების მექანიზმები. შეფასებას თან ახლავს რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შესახებ ანგარიში საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 30 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს.
მათი თქმით, მთავრობამ პირველად განაცხადა უარი ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის საჯაროდ გამოქვეყნებაზე.
"შეფასების ანგარიში ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა: ინტერესთა კონფლიქტი, თანამდებობის პირების მიერ საჩუქრის მიღების პოლიტიკა, ქონებრივი და ინტერესთა მდგომარეობის დეკლარაციები, მათი მონიტორინგი და დაწესებული სანქციები. ასევე, სამართალდამცავ უწყებებში დანერგილი ანტიკორუფციული და კეთილსინდისიერების მექანიზმები და მათი პრაქტიკაში გამოყენება.
GRECO-ს მონიტორინგის მე-5 რაუნდის მაკოორდინირებელი უწყება ანტიკორუფციული ბიუროა. GRECO-ს რეკომენდაციების შესრულება ევროინტეგრაციის პროცესის ნაწილი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, დეოლიგარქიზაციის შემადგენელი კომპონენტიცაა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
TI-ის შეფასებით, ეს საშიში და საგანგაშო ტენდენციაა, რომ მთავრობა უარს აცხადებს ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის პროცესში მონაწილეობაზე ან/და შეფასებების საჯაროდ გამოქვეყნებაზე.
ორგანიზაცია იხსენებს, რომ შარშან საქართველოს მთავრობამ 20 წლის მანძილზე პირველად ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მონიტორინგზე უარი უთხრა. OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესში დაბრუნებისკენ კი ევროკომისია საქართველოს პირდაპირ მოუწოდებს.
"მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭო პროცედურულად უშვებს შეფასების ანგარიშების საჯაროდ ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მას მხოლოდ ისეთი ქვეყნის მთავრობები იყენებენ, სადაც კორუფცია განსაკუთრებული პრობლემაა", - აცხადებენ TI-ში.
ორგანიზაცია მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს GRECO-ს შეფასების ანგარიში და ასევე ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, შეუერთდნენ OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესს.