
ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე იმუქრება, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე უმკაცრესი რეაგირება იქნება.
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით გელაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, გაიზრდება თუ არა დაკავებულთა რიცხვი, რაზეც მან უპასუხა: "რა თქმა უნდა".
"მინდა თითოეულ პოლიციელს, რომელიც გუშინდელ აქციაში იღებდა მონაწილეობას, მადლობა გადავუხადო და საკმაოდ მაღალი სტანდარტით მოხდა... გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. ვერ შედგა მშვიდობიანი დამხობა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ შედგა მშვიდობიანი დაშლა. გამოძიება დაწყებულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით, 5 ადამიანია დაკავებული, ამ წუთებშიც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად, ყველა პიროვნების იდენტიფიცირების შემდეგ მიეცემა ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცესებში"- თქვა გელაძემ.
4 ოქტომბერს დააკავეს "ეროვნული კრების" ორგანიზატორები - პაატა ბურჭულაძე, ლაშა ბერიძე, მურთაზ ზოდელავა და პაატა მანჯგალაძე.
შსს-ს ცნობით, მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზობა, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. დანაშაულები 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.