
რეჟიმის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებით არა გრანტს, არამედ სიძულვილს უპირისპირდებიან.
ინიცირებული ცვლილებების თანახმად, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება - თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.
"გრანტებისა და NGO-ების მეშვეობით, საქართველოში საბჭოთა მეთოდებით ცდილობენ სიძულვილის დათესვას, ეს კანონი, შესაბამისად, უპირისპირდება არა გრანტს, როგორც ასეთს, არამედ უპირისპირდება სიძულვილს. საქართველოს მთავრობა გადაამოწმებს ყველა გრანტის მიზნობრიობას და ამის მიხედვით გასცემს თანხმობას გრანტთან დაკავშირებით. ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გრანტებისა და „ენჯეოების“ მეშვეობით, საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი და ხელოვნურად გახლიჩონ საზოგადოება. ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენ წინ აღვუდგეთ სიძულვილის ხელოვნურად დათესვას ჩვენს საზოგადოებაში"- თქვა კობახიძემ.