პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროსაბჭოს 24 წევრზე ე.წ. გლობალური ომის პარტიამ იქონია გავლენა. კობახიძე PACE-ს წევრების განცხადებას გამოეხმაურა, რომელთა შეფასებით, "საგანგაშო ცნობები" მანიშნებს, რომ ქართული ოცნება არჩევნების მიტაცებისთვის ემზადება.
"ერთი, რომ 24-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს. 24-იც რომ არ ყოფილიყო და რომ ყოფილიყო თუნდაც 240 ან 600-ზე მეტი, რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, როცა არის სავსე ტყუილებით, არის სავსე სიცრუით. მხოლოდ სამი კვირაა დარჩენილი, ოდნავ მეტი და უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, ჯანსაღ [გარემოში]...", - თქვა კობახიძემ.
საპასუხო კითხვაზე, რომ მოქალაქეები დაშინებაზე საუბრობენ, პრემიერმა განაცხადა:
"ვინ დააშინეს? ვინ დააშინეს, კაცო?.. საარჩევნო პროცესებზე გელაპარაკებით, სად იყო ან დაშინება, ან მოსყიდვა, ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება? არ ყოფილა. ამიტომ არის სიცრუით სავსე ეს განცხადება. გლობალური ომის პარტია ძალიან მარტივად ზემოქმედებს PACE-ს 24 წევრზე".
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 24 წევრი მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებიდან ვკითხულობთ, PACE-ს წევრები შეშფოთებულნი არიან წინასაარჩევნო გარემოს გამო, რომელიც დაშინებასა და დეზინფორმაციის გავრცელებას მოიცავს.
როგორც ისინი აღნიშნავენ, "საგანგაშო ცნობები" მანიშნებს, რომ ქართული ოცნება არჩევნების მიტაცებას გეგმავს.