კობახიძე გერმანიის ელჩს: 26-ში კალაძე, მთელ გუნდთან ერთად, მორიგ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს

კობახიძე გერმანიის ელჩს: 26-ში კალაძე, მთელ გუნდთან ერთად, მორიგ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს

"26 ოქტომბერს კახა კალაძე, მთელ გუნდთან ერთად, კიდევ ერთხელ მოიგებს მორიგ ჩემპიონთა ლიგას" - ასე პასუხობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის კომენტართან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

14 ოქტომბერს გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მან გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრს ანა ლიურმანს "კუბილიუსი კაბაში" უწოდა და X-ზე დაწერა: "დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა".

კობახიძე კვლავ ირწმუნება, რომ 26 ოქტომბერს "დამარცხდება ყველა - უცხოელი თუ ქართველი, ვინც გულშემატკივრობს კოლექტიურ ნაცმოძრაობას".

"მე მინდა მას ვუთხრა, რომ 26 ოქტომბერს, კახა კალაძე მთელ გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ მოიგებს მორიგ ჩემპიონთა ლიგას და დამარცხდება ყველა ის ადამიანი, რომელიც გულშემატკივრობს კოლექტიურ ნაცმოძრაობას, იქნება ეს ქართველი, თუ უცხოელი", - თქვა კობახიძემ.

***

თბილისის მერს, კახა კალაძეს ჟურნალისტებმა გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრის ანა ლიურმანის განცხადების შეფასება სთხოვეს, რაზეც კალაძემ ჯერ თქვა, რომ არ იცოდა, ვინ იყო გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი, შემდეგ კი მას "კუბილიუსი კაბაში" უწოდა.

გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ანა ლიურმანმა ევროკავშირის მინისტერიალზე საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაბრკოლებას უქმნის ევროკავშირისკენ გზას.