
საქართველოს პრემიერმინისტრი, რომელიც დღეს ალბანეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტს დაესწრო, ირწმუნება, რომ დასავლელ ლიდერებს საქართველოსთან ურთიერთობა "მოსწყურდათ".
კობახიძის ინტერპრეტაციით, სამიტზე ევროპელმა პარტნიორებმა მასთან გასაუბრების ინიციატივა გამოიჩინეს იმიტომ, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან საუბრის საჭიროება გააცნობიერეს.
"იყო გარკვეული შეზღუდვა კომუნიკაციაში, როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის, კონკრეტულად ევროკავშირისთვის. რეგიონში ჩვენი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ყველა აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან" - განაცხადა ქართული ოცნების რეჟიმის პრემიერმინისტრმა კობახიძემ.