კობახიძე: ძალიან კარგად აიღებს ხელფასს თამაზაშვილი, აი გაჩვენებთ

კობახიძე: ძალიან კარგად აიღებს ხელფასს თამაზაშვილი, აი გაჩვენებთ

რეჟიმის პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ როგორ აიღებს ხელფასს სანქცირებული სულხან თამაზაშვილი, რომელიც ქართულმა ოცნებამ აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დანიშნა.

კობახიძის მტკიცებით, "სანქციები არ მუშაობს" და თამაზაშვილი ოფიციალურად აიღებს ხელფასს, როგორც აქამდე.

"ძალიან კარგად აიღებს ხელფასს ბატონი თამაზაშვილი, აი გაჩვენებთ. არაჩვეულებრივად აიღებს ხელფასს, როგორც აქამდე იღებდა. ოფიციალურად იღებდა აქამდეც და აიღებს მომავალშიც. როგორც ქალაქის პოლიციის უფროსი ის ხელფასს ოფიციალურად იღებდა, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც ოფიციალურად მიიღებს ხელფასს. თქვენი სანქციები არ მუშაობს, ეს შემიძლია გითხრათ"- თქვა კობახიძემ.

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე თორნიკე რიჟვაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა ჩაანაცვლა.

თამაზაშვილი დასავლეთის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია შეყვანილი. აღნიშნულ სიაში ასევე შედიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ის მაღალჩინოსნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმებზე.