
"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ივანიშვილის პარტიის მმართველობის პერიოდში არსებობდა "გადაცდომები" კორუფციასთან დაკავშირებით, რის აღმოფხვრაზეც მათ "მაქსიმალურად უნდა იზრუნონ."
ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძეზე დასმულ კითხვაზე საუბრისას კობახიძე ასევე ირწმუნებოდა, რომ კორუფციასთან ბრძოლაში "ოცნება" მაქსიმალურად მკაცრი იქნება.
"ამასთან ერთად, ჩვენ ვინტერესდებით იმით, თუ რა ხდებოდა წარსულში. თუ იყო წარსულში გადაცდომები კორუფციის კუთხით, ამასაც სჭირდება რეაგირება. პირველ რიგში იმისათვის, რომ მივიღოთ პრევენციის ეფექტი, თუ არ არის მაგალითები ბუნებრივია, ცდუნება რჩება იმისა, რომ ვიღაცას ხელი წაუცდეს. ეს არის ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის, კორუფცია ზოგადადა არის დამაზიანებელი სახელმწიფოსთვის და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ კორუფციის აღმოფხვრაზე, შესაბამისად, ყველა მიმართულებით ვიქნებით მაქსიმალურად ეფექტიანებიც და მკაცრებიც, ეს არის ერთადერთი უპირობო გზა იმისაკენ, რომ ჩვენ მაქსიმალურად აღმოვფხვრათ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავა.
ბურჭულაძეს ბრალი ედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
მას 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.