პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ახალი "სტატუსიდან გამომდინარე" საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა მოუწევს. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარული სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც პრემიერობის მის კანდიდატურასა და მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
"ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე მომიწევს საოკუპაციო ხაზთან ჩასვლა, ბუნებრივია. ეს სტატუსთან არის არსებითად დაკავშირებული. მომიწევს ადგილზე ვითარების გაცნობა", - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ირაკლი კობახიძე საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არაა. ამის შესახებ მან 2022 წლის ივნისში ისაუბრა პირველად, როდესაც ამასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს.
"მე არ ვარ ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან... არ ვიცი, რა შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავი?" - იკითხა მაშინ კობახიძემ, რომელსაც ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.