კობახიძე: აშშ-სთან გვინდა არა ქაღალდზე დაწერილი, არამედ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა

კობახიძე: აშშ-სთან გვინდა არა ქაღალდზე დაწერილი, არამედ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა

დე ფაქტო პრემიერი ირაკლი კობახიძე საქართველო-აშშ-ის ამჟამინდელ ურთიერთობებს "ქაღალდზე დაწერილ პარტნიორობას" უწოდებს, რომელსაც მისი თქმით, "არ ჰქონდა სინამდვილეში არავითარი შინაარსი". ის "ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედოვნებს", რომ "ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, შესაძლებელი იქნება ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა".

"ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ვგულისხმობ ამერიკულ ადმინისტრაციას, ჩვენ შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას, რაც სჭირდება ძალიან ბუნებრივია ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვქონდა აქამდე ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელსაც არ ჰქონდა სინამდვილეში არავითარი შინაარსი.

ჩვენ გვინდა თვისებრივად გადავტვირთოთ ურთიერთობები, გვინდა დავიწყოთ საუბარი რეალურ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელსაც ექნება რეალური შინაარსი და დღის წესრიგი, თავისი კონკრეტული გზამკვლევით. ჩვენი წარმოდგენით, აშშ-სთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას უნდა ჰქონდეს დაახლოებით ისეთივე გზამკვლევი, როგორიც არის ასოცირების დღის წესრიგი. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა უნდა მოუტანოს სტრატეგიულმა პარტნიორობამ როგორც აშშ-ს, ისე საქართველოს და როგორი უნდა იყოს ამ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშესახები შედეგები, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის.

ჩვენ გვინდა არა ქაღალდზე დაწერილი სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა, კონკრეტული გზამკვლევით და მზად ვართ, რომ ამაზე დავიწყოთ საუბრები ახალ ადმინისტრაციასთან და იმედი გვაქვს, რომ ეს საუბრები დასრულდება წარმატებით და ჩვენ თვისებრივად გადავტვირთავთ ურთიერთობებს საქართველოსა და აშშ-ს შორის", - ამბობს კობახიძე.