კობახიძე აშშ-ის საელჩოს, USAID-ს, NED-ს "ქართველების წინააღმდეგ მოქმედებაში" ადანაშაულებს

კობახიძე აშშ-ის საელჩოს, USAID-ს, NED-ს "ქართველების წინააღმდეგ მოქმედებაში" ადანაშაულებს

რეჟიმის პრემიერი ირაკლი კობახიძე აშშ-ის საელჩოს "ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებაში" ადანაშაულებს.

საელჩოს გარდა, ირაკლი კობახიძე ბრალს სდებს USAID-ს, NED-ს და "სხვა ინსტიტუტებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ კოორდინირებულ მოქმედებაში".

"საქართველოში [აშშ-ის] საელჩო და USAID, ისევე როგორც NED და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. შესაბამისად, როდესაც საუბარია ცვლილებებზე, ეს ცვლილებები თანაბრად უნდა შეეხოს როგორც USAID-ს, ასევე NED-ს და ასევე საელჩოს საქმიანობასაც.

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში პირველ რიგში შეიცვლება სწორედ ამერიკის საელჩოს მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ და ქართული სახელმწიფო მიმართ და დასრულდება ეს მახინჯი კოორდინაცია, რაც არსებობდა საელჩოს, USAID-ს, NED-ს და სხვა შესაბამის სუბიექტებს შორის", - ირწმუნება ირაკლი კობახიძე.