ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოში გუშინ გამართულ შეხვედრას უმრავლესობის წევრთა უმეტესობა არ დაესწრო და ამის მიზეზად 3 დეპუტატის მიმართ სოლიდარობას ასახელებს.
კობახიძის თქმით, აშშ-ის საელჩომ 3 დეპუტატს "შეცდომით" გაუგზავნა მოსაწვევი, რადგან მისივე მტკიცებით, "სინამდვილეში არ უნდოდათ მოწვევა". მისივე მტკიცებით, საელჩომ დეპუტატებს გაუგზავნა მოსაწვევი, შემდეგ კი უთხრა, რომ "სჯობდა არ მისულიყვნენ".
კობახიძე არ აკონკრეტებს დეპუტატების გვარებს და აღნიშნავს, რომ თუ სურვილი ექნებათ, თავად იტყვიან ამის შესახებ, რადგან "დასამალი არაფერია ამაში".
"პარლამენტიდან, უმრავლესობაში ვინც კი არის მაღალი თანამდებობის პირი, მე მგონი არც ერთი არ მივედით. ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი, ჩვენ მცირე სოლიდარობა გამოვხატეთ ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ, რომელსაც გამოუგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ უთხრეს, რომ სჯობდა არ მისულიყო. არ დავაკონკრეტებ, არ მინდა, თვითონ დააკონკრეტებს თუ ექნება სურვილი, დასამალი არაფერი არ არის ამაში. ერთი არ იყო სხვათა შორის, ასეთი იყო სამი, ვისაც, ჩვენ რაც გვაქვს ინფორმაცია, შეცდომით გამოუგზავნეს მოსაწვევები, იმიტომ რომ სინამდვილეში არ უნდოდათ მოწვევა, მერე უთხრეს, რომ სჯობდა არ მისულიყვნენ. ეს არის, რა თქმა უნდა, რბილად რომ ვთქვათ, არასწორი დამოკიდებულება. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან იყო ვალდებულება, გამოგვეხატა სოლიდარობა. ეს არის და ეს", - განაცხადა კობახიძემ.
გუშინ, 29 ივნისს ამერიკის საელჩოში აშშ-ის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები, პრეზიდენტი, მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.