კობახიძე: ამას ამბობენ დასავლელი ლიდერებიც, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას NATO-სკენ სწრაფვა

კობახიძე: ამას ამბობენ დასავლელი ლიდერებიც, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას NATO-სკენ სწრაფვა

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინაში ომის დაწყების "ერთ-ერთ მიზეზზე" საუბრობს და ამბობს, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ უკრაინას NATO-სკენ სწრაფვა "არ აპატია". თუმცა მისი თქმით, ამას თავად დასავლელი ლიდერებიც ამბობენ.

"მე თვითონ, სამწუხაროდ, ვერ მოვისმინე ეს ფრაზა, გზაში ვიყავი, ამიტომ ჯერ ზუსტად არ მომისმენია და კომენტარი გამიჭირდება. რაც შეეხება ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ისინი არის ასახული, მათ შორის საპარლამენტო დოკუმენტებში, კონსტიტუციაშიც კი, აქ ჩვენი პოზიცია არის ცხადი და ნათელი. მე შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ის რადიკალური ოპოზიციის ლიდერი, რომელმაც საჯაროდ დაადასტურა შემდეგი რამ, ის პირდაპირ სთავაზობდა რუსეთის ფედერაციას NATO-ს დათმობას ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ. ეს დაადასტურა მან, ეს არის მისი დამოკიდებულება.

ამას ადასტურებს მთელი დასავლეთიც, მთელი დასავლეთიც ამას ამბობს, ხომ - რაღაცა მიზეზები ჰქონდა ამ კონკრეტულ სამხედრო აგრესიას და ერთ-ერთი მიზეზი... ამას ამბობენ დასავლელი ლიდერები, რომ რუსეთმა - არაერთი განცხადებაა ასეთი - არ აპატია უკრაინას სწრაფვა NATO-სკენ, ეს არის დასავლელი ლიდერების განცხადება, აქ რა შუაშია რუსეთი და ბელარუსი. არაერთ განცხადებაა, არა კაცო რა შუაშია? არის ეს დამოკიდებულება, ეს პოზიცია, ეს შეხედულება, რომ უკრაინა დაისაჯა NATO-ში გაწევრიანების სურვილისთვის. ამას აცხადებენ ძალიან ხშირად დასავლელი პოლიტიკოსები, ეს არის ფაქტის კონსტატაცია", - აცხადებს კობახიძე.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას NATO-სა და ევროკავშირზე, იმის შიშით, რომ რუსეთმა ომი არ დაიწყოს, კობახიძე პასუხობს:

"ამას არ ფიქრობს არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც ირაკლი კობახიძე და არც რომელიმე სხვა გუნდის წევრი. ამაზე არ ყოფილა საუბარი, აქ საუბარია ფაქტის კონსტატაციაზე, ეს ფაქტის კონსტატაცია არაერთხელ განუხორციელებია დასავლელ პოლიტიკურ ლიდერებსაც - საუბარია რაზე, რომ რუსეთს არ მოსწონდა უკრაინის სწრაფვა NATO-სკენ და სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი იყო, რა თქმა უნდა, ეს", - თქვა მან.

დღეს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა პუტინის რიტორიკა გაიმეორა და თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. გარდა ამისა, ფინეთსა და შვედეთში ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და ნაცვლად სამხედრო მიუმხრობლობისა, საკუთარი უსაფრთხოების დაცვისთვის NATO-ში გაწევრიანება არჩიეს. ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი გახდა, შვედეთი კი რატიფიცირებას ელოდება.